თეგი: ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერები გახდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებად ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი აირჩიეს. ორივე დეპუტატის არჩევას 84-84-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. ირაკლი ჩიქოვანის და გიორგი კახიანის კანდიდატურები ვიცე-სპიკერის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა. მეათე მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის წარდგენით არჩეული ვიცე-სპიკერები არიან: არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობას გიორგი ვოლსკი იკავებს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით არის არჩეული. ოპოზიციის კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერის მოადგილის თანამდებობას ავთანდილ ენუქიძე იკავებს. რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც 15 ნოემბერს მესამე მოსმენით განიხილეს და დაამტკიცეს, პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა ხუთიდან შვიდ ვიცე-სპიკერამდე გაიზარდა. ოპოზიციისთვის განკუთვნილი ვიცე-სპიკერის კიდევ ერთ პოსტზე ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვიცე-სპიკერად ლევან ბეჟაშვილის არჩევას მხარს არ უჭერს და ამას პოლიტიკური გადაწყვეტილებით ხსნის.  

ირაკლი კობახიძემ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი წარუდგინა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი უწყების თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინა. ახალ მინისტრს თავდაცვის სამინისტროში დახვდა ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელმაც მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები, სარდლები, გენერალური შტაბის დეპარტამენტების უფროსები და სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები დაესწრნენ. „პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ღირსეული სამსახურისთვის, ქვეყნის წინაშე ერთგულებისთვის და თითოეულ ჯარისკაცს თანადგომა აღუთქვა. ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრის მდიდარი პოლიტიკური და პროფესიული გამოცდილება ხაზგასმით აღნიშნა და იმედი გამოთქვა, რომ ის თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობით, წარმატებით გააგრძელებს უწყების მიერ დასახული გეგმებისა და რეფორმების განხორციელებას. მან ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ქართული ჯარის მიმართ პატივისცემა და თანადგომა გამოხატა თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი განცხადებით, სამინისტროს გუნდის საქმიანობა კვლავაც თავდაცვის უწყების სტრატეგიული მიზნებისა და თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული. საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცხადებული ნდობის შედეგად, ირაკლი ჩიქოვანი ახალი მთავრობის შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრად გუშინ დაინიშნა. იგი 2020-2023 წლებში იყო პარლამენტის მე-10 მოწვევის წევრი ზუგდიდის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, ასევე ასრულებდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი. ირაკლი ჩიქოვანს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. საჯარო სამსახურში კარიერა დაწყებული აქვს თავდაცვის სამინისტროში და უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა. დამთავრებული აქვს NATO-ს თავდაცვის კოლეჯი,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

აშშ და საქართველო მზად არიან, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერონ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა რობინ დანიგანს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. „მინისტრმა აშშ-ის მხარეს საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით განხორციელებულ ნაბიჯებსა და საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობაზე. აღინიშნა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი. შეხვედრაზე NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო დაესწრო,“ წერს თავდაცვის უწყება. რობინ დანიგანი აცხადებს, რომ აშშ-ს საქართელოსთან მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. „ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, არაჩვეულებრივი ურთიერთობა ამ მთავრობასთან, ოპოზიციასთან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და ასევე გვაქვს ხალხთაშორის კავშირი. ჩემი პირველი პრიორიტეტია, რომ გავაღრმაო ეს სტრატეგიული ურთიერთობა - ეს არის პრეზიდენტ ბაიდენის და ბლინკენის პრიორიტეტი. მე ვიმუშავებ ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში.  რაც შეეხება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას - უნდა გვახსოვდეს, რომ აშშ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია საქართელოსი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დახმარების სახით 6 მილიარდი დოლარი გამოუყო. ჩვენ ავაშენეთ, საავადმყოფოები, სკოლები, ჩავატარეთ ტრენინგები ექიმებთან, მასწავლებლებთან, დავეხმარეთ ეკონომიკის გაძლიერებაში ქვეყანას. აშშ-ს ნამდვილად სურს, რომ საქართელო იყოს ძლიერი და წარმატებული, ასევე, ძლიერი წევრი დასავლურ სამყაროში," - განაცხადა ელჩმა დანიგანმა.  

თავდაცვის მინისტრი: კომპრომისი არ იქნება არცერთ ადამიანთან, ვინც მზად არის, კომპრომისი გასწიოს ჯარისკაცების ხარჯზე

„ჩემი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ვიყო სრულად ინფორმირებული, თუ რა შესყიდვები ხორციელდება თავდაცვის სამინისტროში და როგორია ფინანსური მდგომარეობა ზოგადად, სექტორისა და სისტემის - კომპრომისი არ იქნება არცერთ ადამიანთან, ვინც მზად არის, კომპრომისი გასწიოს ჯარისკაცების ხარჯზე,“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. თავდაცვის ახალმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით გაკეთებულ რეპორტაჟებში მანიპულაცია და დეზინფორმაციაა. „ჩემს პირობას გაძლევთ, რომ კომპრომისი არ იქნება არც ერთ ადამიანთან, ვინც მზად არის, კომპრომისი გასწიოს ჯარისკაცების ხარჯზე. ეს არ იქნება არავითარ შემთხვევაში, არც კვებით ნაწილში, არც სხვა უზრუნველყოფის ნაწილში კომპრომისი ნამდვილად არ იქნება. ჩვენი ჯარი, ჩვენი თავდაცვის ძალები არის განსაკუთრებული ნაწილი ჩვენი საზოგადოების. ეს არის ჩემი ზოგადი პოზიცია და არ არის განპირობებული, ან ერთი, ან მეორე რეპორტაჟით. რაც შეეხება რეპორტაჟებს, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ამ რეპორტაჟებში იყო ვარაუდები, მინიშნებები, მანიპულაციები, დეზინფორმაციაც კი, ზოგჯერ. ეს ნამდვილად არის არასწორი, მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ეხება თავდაცვის სფეროს და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი არათუ ინტერესის სფერო, ჩემი ვალდებულება იქნება, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენო ყველა ის რესურსი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტით არის გათვალისწინებული. აქვე გავუსვამ ხაზს და გეტყვით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდა თავდაცვის სფეროში დანახარჯებთან დაკავშირებით, არის მნიშვნელოვანი განაცხადი, თუ რა დამოკიდებულება აქვს ჩვენს ხელისუფლებას თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით, ჩვენს გენერლებთან, ოფიცრებთან, კაპრალებთან, რიგითებთან და აბსოლუტურად ყველასთან და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ და მაქსიმალური ეფექტიანობით მოვახმართ ჩვენს თავდაცვის ძალებს,“ - განაცხადა ჩიქოვანმა.  

ირაკლი ჩიქოვანი თურქეთისა და რუმინეთის ელჩებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მხრიდან გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე, მათ შორის, სამხედრო განათლების, ერთობლივი სწავლებების, ექსპერტული, მატერიალურ-ტექნიკური და სხვადასხვა მიმართულებით თურქეთის კონტრიბუციაზე და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში აღმოჩენილ დახმარებაზე. შეხვედრისას თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზეც ისაუბრეს. შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ილჰან ოკტენდურალი და მესამე მდივანი სულთან ალაილი დაესწრო. ირაკლი ჩიქოვანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ასევე გამართა რუმინეთის ელჩთან და თავდაცვის ატაშესთან. მინისტრმა რაზვან როტუნდუსა და ვიცე-პოლკოვნიკ ოვიდიუ პისკოჩუს რუმინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, თავდაცვის სფეროში წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში რუმინეთის როლი და აქტიური მონაწილეობა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სხვადასხვა, მათ შორის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მიმართულებით არსებული მჭიდრო, თანმიმდევრული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და მრავალფეროვანი გახდება,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ირაკლი ჩიქოვანმა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ამერიკის ელჩ რობინ დანიგანთან 13 თებერვალს გამართა.  

თავდაცვის ახალმა მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. „ე.წ. რამშტანის ჯგუფის მე-19 შეხვედრას უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ. საერთაშორისო ჯგუფის პირველი შეხვედრა 2022 წლის აპრილში გაიმართა,“ წერს თავდაცვის სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციაში. კანადა უკრაინის თავდაცვისთვის 44 მილიონ დოლარს გამოყოფს  

თავდაცვის მინისტრი: სამხედრო მრეწველობის განვითარებას, ადგილობრივი ბიზნესის ჩართულობაც სჭირდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარების მნიშვნელობასა და გეგმებზე ისაუბრა. „გვაქვს ძალიან კარგი შედეგები გარკვეულ სფეროში, თუმცა არის პროექტები, რომელსაც არ ჰქონდა შესაბამისი გაგრძელება - ეს უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ. როდესაც ვსაუბრობთ სამხედრო მრეწველობაზე, ჩვენთვის პირველი ამოცანა უნდა იყოს, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი თავდაცვის ძალების საჭიროებები და შესაბამისად, გვქონდეს ამ საჭიროებების სწრაფი შევსების შესაძლებლობა. მაგრამ, მხოლოდ ჩვენს მოხმარებაზე არ შეიძლება და შეუძლებელია, ვიყოთ ორიენტირებულები. აუცილებელია, რომ ჩვენი პროდუქცია, რომელსაც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აწარმოებს, იყოს მიმზიდველი საერთაშორისო ბაზარზე,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ სამხედრო მრეწველობის განვითარებას, სახელმწიფოსთან ერთად, სჭირდება კერძო სექტორისა და ადგილობრივი ბიზნესის ჩართულობაც. მინისტრის განცხადებით, საჭიროა არსებული ბიზნესმოდელის შესაბამისი შეფასება და ანალიზი, რაც საშუალებას მოგვცემს, შეიქმნას წარმატებული ბიზნესის პროექტი. „აუცილებელია, რომ ჩვენი პროდუქცია, რომელსაც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აწარმოებს, იყოს მიმზიდველი საერთაშორისო ბაზარზე,“ ამბობს ჩიქოვანი თავდაცვის სამინისტროს ცნობით.  

ჩიქოვანი NATO-საქართველოს კომისიაზე: უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა იყო, ჩვენს პარტნიორებს შესაძლებლობა ჰქონოდათ, კიდევ უფრო დეტალურად გაცნობოდნენ იმ ვითარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია

„ჩვენ გვაქვს შეხვედრები NATO-ს შტაბში და ძალიან მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რომლებიც უკვე გაკეთდა,“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, განცხადებები, რომლებიც NATO-ს გენერალურმა მდივანმა გააკეთა, ცხადყოფს იმ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს NATO-ს მხრიდან აქვს და ასევე, მიგვითითებს იმ შედეგებზე, რომლებიც საქართველოს NATO-სთან თანამშრომლობის თვალსაზრისით აქვს. „ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა გენერალურ მდივანთან, სადაც ვისაუბრეთ დეტალებზე, იმ დღის წესრიგზე, რომელიც NATO-სთან გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, NATO-საქართველოს კომისია, ეს იყო უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა, რათა ჩვენს პარტნიორებს, ალიანსის წევრებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, კიდევ უფრო დეტალურად გაცნობოდნენ იმ ვითარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. მეორე მხრივ, მათ დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები. მე ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, მაგრამ ერთი რამ შემიძლია, გითხრათ, რომ საქართველო NATO-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. საქართველოს აქვს ყველანაირი ინსტრუმენტი და მექანიზმი იმისათვის, რომ ნატოს რაც შეიძლება მეტად დაუახლოვდეს," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. თავდაცვის მინისტრმა, ასევე, უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც NATO-ს ვაშინგტონის სამიტის მოლოდინებს ეხებოდა. „დეტალებთან მიმართებით საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა გეტყვით იმას, რომ ეს მნიშვნელოვანი სამიტია, რომელიც თან საიუბილეოა. ცხადია, რომ ის თანამშრომლობა და ურთიერთმხარდაჭერა, რომელიც საქართველოსა და NATO-ს აქვთ, ალბათ, ადეკვატურად და შესაბამისად იქნება წარმოჩენილი ამ სამიტზე. კონკრეტულ დეტალებთან და თვითონ დღის წესრიგთან მიმართებით, ალბათ, ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.  

თავდაცვის მინისტრი: NATO-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ვართ ისტორიულ პიკში

ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მედიასთან განაცხადა, რომ NATO-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ვართ ისტორიულ პიკში. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოსა დაNATO-ს შორის არსებულ თანამშრომლობის მექანიზმებზე, რაც, მისი განმარტებით, პრაქტიკულად, არცერთ სახელმწიფოს არ გააჩნია. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, თანამშრომლობა კონკრეტულად გამოხატულია საერთო წვრთნებსა და საერთო ოპერაციებში ქართველი სამხედროების მონაწილეობაში. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალებს აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვვითარდებით და რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოსთან თავსებადობა იზრდება,“ - განმარტა თავდაცვის მინისტრმა. ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.    

რა მიზნით იმყოფება ამერიკელი გენერალი საქართველოში

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობის G3 შტაბის უფროსის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ პატრიკ ელისს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ამერიკულ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. „მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში გენერლის მნიშვნელოვანი წვლილი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობასთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხებსა და საერთაშორისო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობას. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ერთობლივი სწავლების შემაჯამებელი პრეზენტაციაც წარადგინეს. შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი და საელჩოს თანამშრომლები დაესწრნენ,“ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.